უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი, რუსეთთან მოლაპარაკებების დელეგაციის მონაწილე და უმაღლესი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილსა და მის ბიზნესაქტივებზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ერები. ქართველები უკრაინისთვის ომში იბრძვიან, ცნობილმა ქართველებმა 24 თებერვლამდე ჩვენს მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა გადაიღეს... ისინი მხარს უჭერენ უკრაინას და ჩვენს ომში გამარჯვებას.
მაგრამ ასე არ იქცევა საქართველოს ხელისუფლება. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია - საქართველოს მთავარი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ძალიან მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ელიტას. ახლახან გამოქვეყნებული "ივანიშვილის ჩანაწერები" ამ კავშირზე ნათლად მეტყველებს.
საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკა კრემლის მითითებების შესრულებაა და სწორედ აქედან გამომდინარეობს მთელი ეს რიტორიკა, რუსეთის აგრესორად არაღიარება, რუსეთის ფედერაციის დახმარების მცდელობა სანქციების გვერდის ავლაში და ა.შ.
დღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი ხალხი უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. მათ უნდათ ქართველებისა და უკრაინელების დაპირისპირება.
ამის თავიდან ასაცილებლად, მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილსა და მის მთელ ბიზნესაქტივებზე სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას ვერავინ გაქეცევა. ვერც ოკუპანტები და ვერც ისინი, ვინც მათ ეხმარებიან, - განაცხადა არახამიამ.