
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება და Twitter-ზე წერს:
"ქართული ოცნებისგან ვითხოვ განმარტებას, ითვლება თუ არა მსგავსი საქციელი საქართველოს ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ?".
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის ორი ჩანაწერი 25 აპრილს გავრცელდა. ჩანაწერში სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ივანიშვილს ბიზნეს იდეით ურეკავს. ივანიშვილის პასუხებიდან კი იკვეთება, რომ თავადაც დაინტერესებულია ამ გარიგებით. ევტუშენკოვი კომპანია "სისტემას" მფლობელია, რომელიც სამხედრო დრონებს ამზადებს.
სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა 26 აპრილს "მთავარ არხთან" დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ოლიგარქი ამბობს, რომ საქართველოში ნებისმიერს შეუძლია ისე ჩამოვიდეს, რომ არავის ანგარიში არ ჩააბაროს. "ფორმულასთან" მან ასევე დაადასტურა, რომ თბილისში ღარიბაშვილი მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.