დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

დანიისა და შვედეთის განცხადებით, რუსულმა ჯაშუშურმა თვითმფრინავმა ორივე ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. მომხდართან დაკავშირებით ორივე ქვეყანა რუსეთის ელჩს იბარებს.

დანიის თავდაცვის სარდლობის განცხადებით, სადაზვერვო თვითმფრინავი დანიის საჰაერო სივრცეში "ძალიან მოკლე დროით" იმყოფებოდა. უწყების თანახმად, დანიურმა F-16 თვითმფრინავებმა მომხდარზე რეაგირება
დაუყოვნებლივ მოახდინეს. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, მსგავსი შემთხვევები იშვიათია.

მომხდარს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეპე კოფოდი გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს "სრულიად მიუღებელი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია დღევანდელ ვითარებაში".

აღსანიშნავია, რომ დანია NATO-ს წევრი ქვეყანაა, შვედეთი კი განიხილავს შეუერთდეს თუ არა ალიანსს. რამდენიმე საერთაშორისო მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრობაზე განაცხადს მაისში შეიტანენ. 

ცნობილია, რომ რუსეთს შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანება არ სურს. 14 აპრილს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდებიან, ისინი მოსკოვისთვის "ოფიციალურ მოწინააღმდეგეებად" იქნებიან აღქმული.

შვედეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის მხრიდან საჰაერო სივრცის დარღვევა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დისკუსიას უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი