საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის შესაბამისი მკურნალობის გაწევის ერთ-ერთი გზა სასჯელის გადავადების მექანიზმია. იურისტები ამბობენ, რომ ამ მექანიზმის გამოყენებისთვის მხოლოდ სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილებაა საჭირო, რომელიც სამედიცინო ექსპერტების დასკვნებსა და ექიმების შეფასებას დაეყრდნობა.
უფლებადამცველების თქმით, რომ მათ პრაქტიკაში სასჯელის გადავადების არაერთი პრეცედენტი ყოფილა. ადვოკატი ნესტან ლონდარიძე იხსენებს, როგორ გადაუვადეს მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელი, რომელსაც მხედველობის პრობლემა ჰქონდა და ციხეში შესაბამისი მკურნალობა ვერ უტარდებოდა.
იურისტები ორმაგ სტანდარტზეც მიუთითებენ, რადგან მიხეილ სააკაშვილის საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა ამის მიუხედავად, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სასჯელის გადავადების საფუძველი არ არსებობს.
"მაშინ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა მსჯავრდებული თანასწორია, ასეთ შემთხვევაში არ უნდა წარმოადგენდეს გამონაკლისს მიხეილ სააკაშვილიც და თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება იმ ჩამონათვალს, რომელიც არსებობს, დღის წესრიგში უნდა დადგეს სასჯელის გადავადების საკითხი. ვფიქრობ, სწორედ ეს წარმოადგენს ორმაგ სტანდარტს, იმიტომ, რომ სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებაში თუ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რატომ არ შეიძლება, ამ შემთხვევაშიც იგივეზე ვისაუბროთ. რამდენიმე წლის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს ჰქონდა მხედველობის პრობლემები და სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოთხოვნა", - ამბობს ნესტან ლონდარიძე.
უფლებადამცველის, ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ მომენტში სასჯელი გადაუვადეს.
"ჩვენი კანონმდებლობა ცალსახად ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა თუკი შეუძლებელს ხდის საპატიმრო სასჯელის მოხდას, ეს სასჯელი სასამართლომ გადაავადოს. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, სახეზე გვაქვს სანდო, კვალიფიციური დასკვნები, ეს არის სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ დადებული დასკვნები სადაც პირდაპირ წერია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის საპატიმრო პირობებში ადამიანის გამოჯანმრთელებას. სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, პოლიტიკა, რომ გვერდით გავწიოთ (თუმცა ეს შეუძლებელი იქნება ამ საქმეში), ცალსახად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამ მომენტში სასჯელი გადავადდეს", - თქვა ედუარდ მარიკაშილმა.
ამავე თემაზე: