ერთიანი ვართ გადაწყვეტილებაში, რომ პუტინმა არ უნდა მოიგოს ომი - G7-ის გეგმები უკრაინის მხარდასაჭერად

გამოქვეყნდა:

G7 ქვეყნების ლიდერებმა  დაგმეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და პირობა დადეს, რომ გაზრდიან ზეწოლას რუსეთზე, კერძოდ, რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმით - ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

G7-ის ლიდერებს პრეზიდენტმა ზელენსკიმაც მიმართა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ მეორე მსოფლიო ომიდან 77 წლის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა და მისმა რეჟიმმა გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა.

„რუსეთმა დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, მათ შორის გაეროს წესდება, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომავალი თაობების ომის უბედურებისგან გადასარჩენად“, - ნათქვამია განცხადებაში.

G7-მა ხაზი გაუსვა სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უკრაინისთვის, საკუთარი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანია უზრუნველყოს რუსული სამხედრო ძალების  სრული გაყვანა უკრაინიდან და უზრუნველყოს მისი თავდაცვისუნარიანობა მომავალში და მადლობა გადაუხადა G7-ის წევრებს მხარდაჭერისთვის. თავდაცვის სფეროში საჭირო დახმარებისთვის, ასევე დახმარებისთვის უკრაინის ეკონომიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სწრაფი და ეფექტური აღდგენის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადეს G7-ის ლიდერებმა.

ლიდერებმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო და თავდაცვით დახმარებას, მხარს დაუჭერენ უკრაინას მისი კიბერშეტევებისგან დაცვაში და გააფართოებენ თანამშრომლობას, მათ შორის ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში - „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.

G7-ის ლიდერები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები, ისინი, ვინც აქტიურ მონაწილეობას არ იღებენ საომარ მოქმედებებში, არ შეიძლება იყვნენ სამიზნე.

„ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინს, ამ აგრესიის შემქმნელებსა და თანამზრახველებს, მათ შორის ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს, პასუხისგებაში მივცეთ თავიანთი ქმედებებისთვის საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ამ მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას ყველა მცდელობის მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრული ანგარიშვალდებულება“, - ნათქვამია განცხადებაში.

G7-ის ქვეყნები პირდებიან უკრაინას მოკლევადიანი ფინანსური მხარდაჭერის გაზრდას უახლოეს კვირებში, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური ხარვეზების დაფარვას და მოსახლეობისთვის საბაზისო სერვისების მიწოდებას.

დასავლეთის ქვეყნები ასევე გეგმავენ გრძელვადიანი მხარდაჭერის ვარიანტების შემუშავებას, რომელიც მიზნად ისახავს დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენას.

ისინი ასევე მოუწოდებენ ყველა პარტნიორს, მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს, უკრაინიდან ლტოლვილებს და დაეხმარონ უკრაინას მომავლის აღდგენაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ G7 ქვეყნები გააგრძელებენ მკაცრი და დაუყოვნებელი ეკონომიკური სანქციების დაწესებას რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ ამ გაუმართლებელი ომის გამო.

ისინი პირობას დებენ, რომ შეამცირებენ დამოკიდებულებას რუსეთის ენერგორესურსებზე, „მათ შორის, რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტით ან აკრძალვით“. 

ასევე იგეგმება რუსეთის იზოლაციის გაძლიერება მისი ეკონომიკის ყველა სექტორში - „ჩვენ მივიღებთ ზომებს, რათა ავკრძალოთ ან სხვაგვარად აღვკვეთოთ ძირითადი სერვისების მიწოდება, რომლებზეც რუსეთია დამოკიდებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე გამკაცრდება შეზღუდვები რუსული ბანკების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან გლობალურ ეკონომიკასთან - „ჩვენ უკვე სერიოზულად შევამცირეთ რუსეთის შესაძლებლობა დააფინანსოს თავისი აგრესიული ომი მის ცენტრალურ ბანკსა და ძირითად ფინანსურ ინსტიტუტებზე სანქციების დაწესებით“, - ნათქვამია G7-ის ერთობლივ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, დამატებითი სანქციები დაწესდება რუსეთის ფინანსურ ელიტასა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტ პუტინს მის სამხედრო ქმედებებში და „ფლანგავენ რუსი ხალხის რესურსებს“.

გაგრძელდება ბრძოლა რუსულ პროპაგანდასთანაც. G7 აცხადებს, რომ გააგრძელებს რუსეთის დეზინფორმაციის სტრატეგიის წინააღმდეგობას, რომელიც მიზანმიმართულად მანიპულირებს საზოგადოებრივ აზრზე და მალავს რუსეთის რეჟიმის დანაშაულს ომში.

G7-ის ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ იწვევს გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებს. კერძოდ, უარყოფითად აისახება სურსათის გლობალურ მიწოდებაზე. 

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს ბლოკადა და ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც კიდევ უფრო აფერხებს უკრაინის სურსათის წარმოებას და ექსპორტს, მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ამის შეუსრულებლობა განიხილება, როგორც თავდასხმა მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

"ჩვენ ერთიანი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ უნდა მოიგოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველას ხსოვნის წინაშე, ვინც მეორე მსოფლიო ომში თავისუფლებისთვის იბრძოდა, დღესაც გავაგრძელოთ ბრძოლა უკრაინის, ევროპისა და მსოფლიო საზოგადოებისთვის". ნათქვამია "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი