მხოლოდ ერთად შეგვიძლია დავძლიოთ ისეთი მასშტაბის საფრთხეები, როგორიც რუსეთმა შექმნა - ზელენსკი და სანდუ

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტით მყოფ მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა  სანდუს ვიზიტის მნიშვნელობას, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების ფონზე, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნების სტატუსი მიანიჭეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ევროინტეგრაციის წარმატების წყალობით ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდებიან. ჩვენ აუცილებლად გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ერთმანეთს ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ორივე ქვეყანას ემუქრება რუსული აგრესია და ამიტომაც, უკრაინისა და მოლდოვის პასუხები ამ საფრთხეებზე საერთო უნდა იყოს.  

ზელენსკის თქმით, უკრაინამ და მოლდოვამ უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა ჰუმანიტარულ სფეროში, ეკონომიკაში, ენერგეტიკაში, პოლიტიკაში, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობაში, ასევე უსაფრთხოების სფეროში, რაც ახლა პრიორიტეტულია.

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა დნესტრისპირეთის საკითხიც განიხილეს. გარდა ამისა, შეთანხმდნენ ახალი სატრანზიტო მარშრუტების შექმნაზე და საექსპორტო სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებაზე, კერძოდ, ორი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის ხელშეწყობის გზით.

„ჩვენი ხალხები გრძნობენ, რომ მხოლოდ ერთად შეგვიძლია დავძლიოთ ისეთი მასშტაბის საფრთხეები, როგორიც რუსეთის ფედერაციამ შექმნა ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მოლდოვის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ძალიან აფასებს უკრაინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისა და მომავლისთვის. სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვა მზად არის დაეხმაროს უკრაინას ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში.

სანდუს თქმით, მისი ქვეყანა ასევე მზადაა უკრაინას დაეხმაროს იმ საქონლის ტრანზიტში, რომლის ექსპორტი შეჩერებულია რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადის გამო.

მაია სანდუ უკრაინაში დღეს ჩავიდა. პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრამდე კი მოინახულა რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული ბუჩა, ირპენი და ბოროდიანკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი