ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ პორტის დაბომბვა ხელშეკრულების დადებიდან მეორე დღეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის ყველა პირობას უგულებელყოფს.
"ევროკავშირი მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო დარტყმას ოდესის საზღვაო პორტზე. მარცვლეულის ექსპორტისთვის გადამწყვეტი მიზნის დარტყმა სტამბოლში ხელშეკრულებების ხელმოწერიდან ერთი დღის შემდეგ, განსაკუთრებით გასაკიცხია და კვლავ აჩვენებს რუსეთის სრულ უგულებელყოფას საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების მიმართ
#StopRussia"- წერს ჯოზეფ ბორელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 ივლისს სტამბოლში შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმეს. დოკუმენტებს ხელი უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა, ასევე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა მოაწერეს. რუსეთმა და უკრაინამ უშუალოდ არ გააფორმეს შეთანხმება, მაგრამ ორივე ქვეყანამ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებები გაეროსთან და თურქეთთან.
პორტებიდან პროდუქტის ექსპორტზე შეთანხმების მიუხედავად, მერე დღეს, დღეს, 23 ივლისს, დილით რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა. სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა ოდესის სავაჭრო პორტს "კალიბრის" ტიპის საკრუიზო რაკეტები ესროლა.