რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილე დიმიტრი მედვედევი ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას მედვედევი საკუთარ Telegram-ის არხში ავრცელებს. 

მედვედევი წერს, რომ ის შეხვდა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებს. ინფორმაციაში მითითებულია, რომ მედვედევმა შეხვედრები პუტინის სახელით გამართა. 

მისი თქმით, ამ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის პროკურორი იგორ კრასნოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, FSB-ის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი და სხვები.

"განვიხილეთ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მათი კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, ინფრასტრუქტურის აღდგენას, საავადმყოფოების შეკეთებას და სასწავლო წლის დასაწყებად სკოლების მომზადებას, სოციალური პრობლემების მოგვარებასა და მოქალაქეების მხარდაჭერას"- ამბობს მედვედევი. 

მედვედევის მტკიცებით, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა უკრაინელების მიერ ჩადენილი "დანაშაულების" გამოძიების მიმდინარეობისა და სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში მტკიცებულებების შეგროვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი