
უკრაინის პრეზიდენტმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ლვოვში გამართულ შეხვედრაზე "მარცვლეულის დერეფანი" და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება და რუსეთის ბირთვული შანტაჟი განიხილეს. პრეზიდენტს ზელენსკის განცხადებით, შეთანხმდნენ კოორდინაციის გაგრძელებაზე მარცვლეულთან დაკავშირებით, განიხილეს უკრაინელების იძულებითი დეპორტაციის შემთხვევები და სამხედროებისა და ექიმების ტყვეობიდან გათავისუფლების საკითხები.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რუსეთის ბირთვული შანტაჟის თემას.
"აგრესორის მხრიდან ამ მიზანმიმართულ ტერორს შეიძლება ჰქონდეს გლობალური კატასტროფული შედეგები. ამიტომ, გაერომ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული გათავისუფლება რუსული ჯარისგან", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ლვოვში დღეს სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი იმყოფებიან.