
უკუპირებულმა აფხაზეთმა და სირიამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდასაჭერი განცხადება მიიღეს.
შესაბამისი დოკუმენტი მათ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფეისალ მიქდადის სოხუმში ვიზიტის დროს მიიღეს. აფხაზური მხრიდან დოკუმენტს ხელი აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ინალ არძინბამ მოაწერა.
დოკუმენტში წერია, რომ სირია და აფხაზეთი: "მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციას, ისევე როგორც დონეცკის, ლუგანსკისა და უკრაინის სხვა რეგიონების ხალხებს, რომლებსაც სურთ გამოიყენონ თავიანთი ბედის განსაზღვრის უფლება".
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსული "სპეციალური ოპერაცია“ უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, სადაც პატივს სცემენ ხალხთა უფლებებს და ისტორიულ ბედს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე არძინბამ და მიკდადიმ დასავლეთის ქვეყნების "ცალმხრივ იძულებითი ხასიათის ღონისძიებები" დაგმეს, რომელსაც ისინი „რუსეთის, სირიის და აფხაზეთის წინააღმდეგ ახორციელებენ“.
მათი თქმით, სირია და აფხაზეთი ერთიანნი არიან საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოუწოდებენ ყველა ქვეყანას, რომ სირიიდან არალეგიტიმური სამხედრო ქვედანაყოფები გაიყვანონ.