"პუტინის რუსეთმა უნდა წააგოს რადიკალურად, ტოტალურად და საბოლოოდ... საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება" | ტენზერი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) მკვლევარი ნიკოლას ტენზერი ვრცლად საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომზე. ამბობს, რომ "პუტინის რუსეთმა საბოლოოდ უნდა წააგოს" და პუტინის რეჟიმი უნდა დასრულდეს.

პირველ რიგში ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ: პუტინის რუსეთმა უნდა წააგოს რადიკალურად, ტოტალურად და საბოლოოდ. მე არ ვლაპარაკობ რუსეთზე, როგორც ასეთზე, არამედ ვამბობ, რომ თუ პუტინის რეჟიმი დამარცხდება, ეს უნდა მოხდეს ამ ომის შედეგად. ეს რა თქმა უნდა, კარგი ამბავი იქნება უკრაინისთვის, მაგრამ ასევე საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, სერბეთისთვის, უნგრეთისთვის და ასევე თავად რუსეთისთვის. ყველა დისიდენტი, რომელსაც მე პირადად ვიცნობ, ამ ომისგან, რომელიც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმით დაიწყო, ელის ერთ რამეს - თავისუფლებას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი ამ ტირანისგან გავათავისუფლოთ და ეს აუცილებლად ასე უნდა მოხდეს. ზუტად არავინ იცის რა მოხდება, შეიძლება პუტინი დაეცეს, შეიძლება არც დაეცეს. შეიძლება ის ვინმემ შეცვალოს, ვინც მისი ექვივალენტი იქნება, ან მასზე უარესი, ამაზე მსჯელობას ახლა აზრი არ აქვს. უბრალოდ უნდა გავხსოვეს, რომ პუტინმა ასობით ათასი ადამიანი, წარმოიდგინეთ ათასობით ათასი ადამიანი მოკლა ბოლო 23 წლის განმავლობაში. ეს არ დაწყებულა 6 თვის წინ.

გავიხსენოთ ჩეჩნეთი, საქართველო, სირია, სადაც პუტინის რუსეთმა უფრო მეტი სირიელი მოკლა, ვიდრე აისისმა. უკრაინა 2014 წლის შემდეგ, აფრიკა, სადაც ვაგნერის დაჯგუფებამ საშინელებები ჩაიდინა. ეს ნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ და რუსეთისთვის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ის, რომ პუტინი და ყველა მისი თანამოაზრე სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ. გარდა ამისა, მე ვიცი, რომ რუს ერს დანაშაულის გრძნობა უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც გერმანელებს ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამას დრო უნდა, მაგრამ ეს ასე მოხდება. მე ერთხელ ერთმა უკრაინელმა მეგობარმა მითხრა და მას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ მოსკოვის წითელ მოედანზე უნდა იყოს ორი მემორიალი - ერთი სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნისა და მეორე დაღუპული უკრაინელებისთვის. ასევე ალბათ ქართველების, სირიელების და საერთოდ პუტინიზმის ყველა მსხვერპლის.

აფხაზეთშიც ანალოგიური დანაშაულები მოხდა და ჩვენ უნდა გავიხსენოთ ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2021 წელს გამოტანილი განაჩენი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა ჩაიდინეს სისასტიკეები, ასევე იმ ძალებმა, რომლებიც რუსების კონტროლქვეშ იყვნენ, - ამბობს ტენზერი.

მისივე თქმით, საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება. 

ჩემი აზრით, საქართველოს ბედი წყდება უკრაინაში. მთელი გეოპოლიტიკური რეალობა შეიცვლება. ამის შემდეგ კი ევროკავშირი, შეერთებული შტატები და ზოგადად დემოკრატიული სამყარო შეძლებენ, რომ რაღაცა ააშენონ ქართველ ხალხთან ერთად. ასეთ სიტუაციაში კი ნებისმიერი ოლიგარქისთვის, რომელიც ახლოს არის რუსეთთან, რთული იქნება ამ კავშირების შენარჩუნება, რადგან რუსეთი იქნება სუსტი. ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში, მაგრამ ასევე საჭიროა კანონების ძალით ბრძოლა ოლიგარქიასთან, რაც არის ანტიკორუფციული კანონი, გამჭვირვალობა და თუ იქნება მტკიცებულებები, რომ არსებობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, კორუფცია და ასე შემდეგ, მაშინ, რა თქმა უნდა, სანქციებიც იქნება გამოყენებული.

საერთოდ, მტკიცებულებების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი ვალდებულია, რომ კანონის უზენაესობის პრინციპები დაიცვას. მე ბევრჯერ მქონია დისკუსიები ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან და ისინი ასე ფიქრობენ: როდესაც სანქციებს უწესებენ ვინმეს, ის დასანქცირებული ადამიანი მიდის ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში. ამიტომ, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს მკაფიო მტკიცებულებები, რომ სასამართლოში თავისი გადაწყვეტილება დაიცვას. ასე რომ, უნდა ჩატარდეს გამოძიება სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ და თუ ეს მტკიცებულებები აღმოჩენილ იქნა, მაშინ რა თქმა უნდა, სანქციები უნდა დაწესდეს ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, - განაცხადა მან.

ინტერვიუ სრულად:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი