
NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით პუტინის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ეს უკრაინისა და მისი მოკავშირეების დამორჩილების კიდევ ერთი მცდელობაა.
"ვლადიმერ პუტინის განცხადება ნაწილობრივ მობილიზაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის მოწოდების შესახებ, კიდევ ერთი მცდელობაა უკრაინისა და მისი მოკავშირეების დამორჩილების. ეს არ გამოვა.
მისი გამოსვლა აღიარებაა იმისა, რომ თავის ომში მარცხდება. ბრძოლის ველზე მარცხების პირისპირ, ის ცდილობს გააძლიეროს რუსეთის არასტაბილური პოზიცია მუქარითა და ესკალაციით.
დემოკრატიული სამყარო არ უნდა დანებდეს ამ შანტაჟს. უკრაინის მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ იარაღის მიწოდება, რათა უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რომ ეს ომი მოიგოს", - წერს რასმუსენი.
შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, დღეს სამთავრობო ტელევიზიით გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. ამის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთხელ დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს.