
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
გერმანიის კანცლერის ოფისის თანახმად, შოლცმა ზელენსკის უთხრა, რომ გერმანია არასდროს აღიარებს ყალბ რეფერენდუმს უკრაინის ოთხ რეგიონში.
"კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ისევე როგორც, იარაღის მიწოდებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართა. დასავლეთი ე.წ. რეფერენდუმს არ ცნობს და აცხადებს, რომ კენჭისყრის დასრულების შემდეგ რუსეთი ამ ოთხი რეგიონის ანექსირებას მალე შეეცდება. მათი თქმით, ასეთ შემთხვევაში, რუსეთს დამატებითი სანქციები დაეკისრება.
ოკუპანტი ქვეყნის მტკიცებით, დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში "რეფერენდუმებზე" მოსახლეობის 90%-ზე მეტმა რუსეთთან შეერთებას "დაუჭირა მხარი".