ლიმანი ოკუპანტებისგან თავისუფალია. 7 თვიანი ოკუპაციის შემდეგ, უკრაინის ორფეროვანი დროშა დონეცკის ქალაქ ლიმანში ფრიალებს. ოკუპანტები რომ ლიმანში ალყაში არიან, ამას სტრატეგიული პარტნიორები ღიად წერენ. აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტი არ გამორიცხავს რომ მომდევნო სამ დღეში დონეცკის ეს ქალაქი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სრულად გაათავისუფლონ.
ლიმანის გათავისუფლებით იხსნება გზა უკრაინის აღმოსავლეთით - დროებით ოკუპირებული ლუგანსკისკენ. ეს არის ოფიციალური კიევის პასუხი პუტინის უკანონო ანექსიაზე. ვლადიმერ პუტინისა და მისი მარიონეტების შესრულებით გუშინ კრემლში დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მიტაცება ოფიციალურად გაფორმდა. ისევ იმ დარბაზში და ისევ ისე, როგორც ეს ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის შემთხვევაში - 2014 წელს მოხდა.
არ დააყოვნა ოფიციალური კიევის სამეულმა. პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერ შმიგალისა და პარლამენტის თავმჯდომარე სტეფანჩუკის საპასუხო გზავნილია - საგანგებო მიმართვა ნატოს - დაჩქარებული წესით მიიღოს ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინა ნატოში.
დღეიდან ძალაში შევიდა "ლენდ ლიზი", რაც ამერიკის პრეზიდენტს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს, უკრაინას მისცეს იმდენი შეიარაღება რამდენსაც პრეზიდენტი ბაიდენი საჭიროდ ჩათვლის. რამდენიმე დღეში ამერიკა სანქციების ახალ პაკეტსაც გამოაქვეყნებს და დაასანქცირებს იმ პირებს, ვინც პუტინის ომს უკრაინაში მხარს უჭერს.