მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიას, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. 

რუსეთის შესაძლებლობების კიდევ უფრო შეზღუდვისთვის დამატებით სანქციებს განიხილავს ევროკავშირიც.

რა არის აშშ-სა და ევროკავშირის უახლესი ზომები?

ე.წ რეფერენდუმების შემდეგ, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსირება მოახდინა, აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის პარლამენტის 278 წევრს. სანქციები შეეხო 14 ადამიანსაც, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან.

აშშ ასევე ამბობს, რომ სანქციები დაუწესდება რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუს სამხედროებს, ან უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.

ევროკომისიის მიერ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს რუსეთის იმპორტის შემდგომ აკრძალვას. ასევე აიკრძალება მეტი მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტი.

რა სანქციები დაუწესდა რუსეთს?

ფინანსური სანქციები:

დასავლური ქვეყნები ცდილობენ შეზღუდონ რუსეთის წვდომა ფულზე.

  • შეერთებულმა შტატებმა რუსეთს აუკრძალა ვალების გადახდა ამერიკულ ბანკებში არსებული უცხოური ვალუტის გამოყენებით.
  • ძირითადი რუსული ბანკები ამოიღეს საერთაშორისო ფინანსური შეტყობინებების სისტემიდან Swift-დან.
  • დიდმა ბრიტანეთმა გამორიცხა ძირითადი რუსული ბანკები გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სისტემიდან, გაყინა ყველა რუსული ბანკის აქტივი, აუკრძალა რუსულ ფირმებს ფულის სესხება და დააწესა ლიმიტები იმ დეპოზიტებზე, რომლებიც რუსებს გაერთიანებული სამეფოს ბანკებში აქვთ.

სანქციები რუსულ ნავთობსა და გაზზე

  • დეკემბრიდან ევროკავშირი ზღვით შემოტანილი რუსული ნავთობის იმპორტს აკრძალავს;
  • 2023 წლის თებერვალში ევროკავშირი აკრძალავს რუსეთიდან რაფინირებული ნავთობპროდუქტების ყველა იმპორტს;
  • აშშ აკრძალავს რუსეთის ნავთობისა და გაზის ყველა იმპორტს;
  • დიდი ბრიტანეთი 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გამოიყვანს რუსულ ნავთობს. ბრიტანეთი აღარ ახორციელებს რუსული გაზის იმპორტს.
  • 2022 წლის ბოლომდე დიდი ბრიტანეთი ეტაპობრივად ამოიღებს მოხმარებიდან რუსულ ნავთობს. ის აღარ ახორციელებს რუსული გაზის იმპორტს;
  • ევროკავშირმა შეწყვიტა რუსული ნახშირის იმპორტი;
  • დეკემბრიდან ევროკავშირსა და G7-ს ასევე სურთ, შეზღუდონ ფასი, რომელსაც ქვეყნები რუსულ ნავთობში იხდიან.
  • ევროკავშირს არ დაუწესებია სანქციები რუსულ გაზზე, რადგან მასზეა დამოკიდებული გაზის საჭიროების დაახლოებით 40%.

ინდივიდუალური სანქციები:

  • აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს 1000-ზე მეტ რუს ბიზნესსა და ფიზიკურ პირს - მათ შორის ოლიგარქებს. ისინი კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენები არიან, მათ შორისაა  ჩელსის ყოფილი მფლობელი რომან აბრამოვიჩი.
  • შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ გაყინეს აქტივები, რომლებიც ეკუთვნოდათ რუსეთი პრეზიდენტ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს.
  • გარდა ამისა, ნიუ-იორკში, ალუმინის რუს მაგნატს ოლეგ დერიპასკას აშშ-ის სანქციების დარღვევაში ბრალი წაუყენეს.
  • დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა "ოქროს ვიზების" გაყიდვა. აღნიშნული მდიდარ რუსებს საშუალებას აძლევდა ბრიტანეთის ბინადრობის უფლებები მიეღოთ.

სანქციები საქონელსა და მომსახურებაზე

დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მა აკრძალეს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო დანიშნულების ნივთები, როგორიცაა მანქანის ნაწილები.

აკრძალულია რუსული თვითმფრინავების ფრენა აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და კანადის საჰაერო სივრციდან.

აკრძალულია რუსული ოქროს იმპორტი.

დიდმა ბრიტანეთმა ზოგიერთ იმპორტზე, მათ შორის არაყზე, 35%-იანი გადასახადი დააწესა.

ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ  შეაჩერა ან საერთოდ გააუქმა ვაჭრობა რუსეთში.

წყარო: BBC

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი