
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ოთხშაბათს საღამოს ვარშავაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს, უილიამ ბერნსს შეხვდა.
პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელის, იაცეკ სიევიერის თქმით, საუბარი "ეხებოდა უსაფრთხოების ზოგად მდგომარეობას":
"საღამოს პრეზიდენტი ანჟეი დუდა ესაუბრა CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს, რომელიც ვარშავაში, ანკარასა და კიევში ვიზიტის შემდეგ იმყოფება. საუბარი შეეხო უსაფრთხოების ზოგად მდგომარეობას, გამოიკვეთა ბოლო მოვლენების კონტექსტი. ბევრი სამუშაოა დღეს PL-US ხაზზე", - თქვა მან.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთმა თქვა, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონფლიქტის დროს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ თქვა, რომ მაღალი ალბათობით პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის მხრიდან თავდაცვისთვის იყო გამოყენებული და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ აღნიშნული პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო.
პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას "არაფერი აქვს საერთო" პოლონეთში მომხდართან. გამოძიებაში ჩართვას და შემთხვევის ადგილზე დაშვებას ითხოვს უკრაინაც.