
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან ან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარე კვირაში გაიმართება, კონკრეტული თარიღი დღეს გახდება ცნობილი.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ დაცვის მხარეს შესაბამისი მტკიცებულებები აქვს, რაც საფუძველს იძლევა, რომ მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილოს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შალვა ხაჭაპურიძე ექიმებზე დაყრდნობით, რომ ვითარება მძიმეა და ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს კრიტიკული.
"ძალიან ბევრი საინტერესო მტკიცებულება გვაქვს, წინასწარ ამას არ გავაჟღერებ. საკმაოდ შეიარაღებული ვართ მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნით და ა.შ. დანარჩენი დაველოდებით მეორე მხარეს, კონსილიუმი როდის შესრულდება, საკმაოდ საგანგაშო სიტუაცია დააფიქსირეს. არის დაავადება ერთ-ერთი 78 კილოს რომ ხდება პაციენტი, უკვე კახექსიაზეა საუბარი და უკვე ექიმებმა დააფიქსირეს 73 კილო. ნებისმიერ დროს შეიძლება სიტუაცია დადგეს კრიტიკული", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
ომბუდსმენის აპარატი განიხილავს მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობის პროცესში. ამ მიზნით, 4 დეკემბერს სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმმა კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ექიმები მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ.
კონსილიუმი ვივა მედში მისვლას დღესაც გეგმავს. ასევე, როგორც ცნობილია, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს შეხვდებიან.
მანამდე, 2 დეკემბერს გასაჯაროვდა ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.
ამ დასკვნის საფუძველზე ადვოკატები სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას დააყენებენ.
ამავე თემაზე: