
კრემლის პრესსპიკერის განაცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი კარგს არაფერს მოიტანს, რადგან "რუსეთი, კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკების შანსს ვერ ხედავს".
ამის შესახებ, პესკოვმა განაცხადა და თქვა, რომ უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდება გამოიწვევს კონფლიქტს, რაც შესაძლოა კიევის წინააღმდეგ "კონფლიქტის გამწვავებაში" გადაიზარდოს.
"იარაღის მიწოდება გრძელდება, მიწოდებული იარაღის დიაპაზონი ფართოვდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იწვევს კონფლიქტის გამწვავებას. ეს არ არის კარგი უკრაინისთვის", - განაცხადა პესკოვმა.
ზელენსკის ამერიკაში გამგზავრებასთან დაკავშირებით ცნობილი დღეს გახდა. უკრაინის პრეზიდენტი ამერიკაში პოლონეთის გავლით ჩავა. მედიაში უკვე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ის პოლონეთში მატარებლით ჩავიდა.
ვაშინგტონში ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება. CNN-ის ინფორმაციით, ბაიდენი ზელენსკის ვიზიტისას $1,8 მილიარდი ღირებულების ახალი დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, მედიის ცნობით დახმარების პაკეტში Patriot-ის სისტემაც შევა. CNN რამდენიმე კვირის წინ წერდა, რომ აშშ უკვე ასრულებდა მუშაობას უკრაინაში ამ სისტემის გაგზავნის გეგმაზე.
ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკი კონგრესში სიტყვით გამოვა.