კომპანია ZAG-ის  დირექტორი გვიან ღამემდე პოლიციაში გამოკითხვაზე იყო - ბაჩალიაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

გუშინ, 27 ივლისის გვიან ღამემდე კომპანია ZAG-ის  დირექტორი თამარ კობერიძე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში  იკითხებოდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ განმარტებები კომპანიის იურისტმა ქეთი მირიანაშვილმა გააკეთა. ZAG-ის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ამ დროისთვის თამარ ბაჩალიაშვილის არც პირადი და არც სამსახურის კომპიუტერები გახსნილი და შესწავლილი არ არის. თანამშრომლებს კი კუთვნილი მობილური ტელეფონები არ დაბრუნებიათ.

საეჭვო ვითარებაში  გარდაცვლილი 23 წლის  თამარ ბაჩალიაშვილი, პროგრამისტად სწორედ კომპანია ZAG-ში მუშაობდა. გამოძიებას კითხვები ძირითადად კომპანიის საქმიანობაზე, თანამშრომლების რაოდენობასა და მათ პოზიციებზე ჰქონდა.

ჩვენი მოთხოვნაც არის, რომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი იქნას გახსნილი, პირადი, ლეპტოპი და ასევე სამსახურში არსებული კომპიუტერიც. ასევე ჩვენი მოთხოვნაა, რომ გაიხსნას მისი ტელეფონი. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაწვდით და რასთან დაკავშირებითაც გამოკითხვზე ვიყავით, კავშირი არ აქვს, ჩემი აზრით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან, - თქვა ქეთი მირიანაშვილმა.

გამომძიებლებმა კომპანია ZAG-იდან გასულ კვირას რამდენიმე ათეული კომპიუტერი ამოიღეს. საგამოძიებო უწყება ამ ეტაპზე კომპიუტერებში არსებულ ინფორმაციას სწავლობს.

თამარ ბაჩალიაშვილი კი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი