"ქართული ოცნების" დეპუტატი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ოპოზიციონერი ქალებსა და ტელეწამყვანებს პასუხობს. წილოსანსა და საბჭოს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ქალების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.
დეპუტატი წერს, რომ ისტორიას დარჩება ის რეფორმები, რაც მან და "ოცნებამ" გაატარეს, ხოლო იმ ადამიანებს, "ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ", პასუხის ღირსადაც არ ჩათვლის.
"ბოლო დღეებში ბევრჯერ ვუხსენებივარ მე და გენდერული თანასწორობის საბჭო, თუ ოპოზიციონერ ქალებს, თუ ტელეწამყვანებს. განსაკუთრებულ ყურადღებას არ დავუთმობ მათი საქმიანობის დახასიათებას, ეს ანალიზი და შესაბამისი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება საზოგადოების საქმეა.
ერთს კი ვიტყვი, რაც დარჩება ისტორიას, არის ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გავატარეთ მე და ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა. მხოლოდ ბოლო ორ წელში:
- მივიღეთ ახალი გენდერული თანასწორობის კონცეფცია;
- პირველად ისტორიაში მივიღეთ ქალების ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია;
- ძალადობის მხსვერპლთათვის მოვხსენით აქამდე არსებული სავალდებულო სტატუსი, რათა უფრო მარტივად მიიღონ სახელმწიფო სერვისები და დახმარება;
- ქალებისა და გოგოების ტექნოლოგიებში ჩართვის გაზრდის ვალდებულებით შევუერთდით გაეროს თანასწორობის ფორუმს;
- შემოვიღეთ ყველა საკანონმდებლო აქტში გენდერული გავლენის ანალიზის ვალდებულება - ყველა ინიციატორი ახლა უკვე იმსჯელებს მისი ინიციტივა რა გავლენას მოახდენს ქალებზე;
- გავაძლიერეთ ადგილობრივი გენდერული საბჭოები და გავააქტიურეთ გენდერული ბიუჯეტების დამტკიცების პრაქტიკა;
- შემოვიღეთ სოფლის მეურნეობაში სპეციალურად ქალებზე მორგებული პროგრამა;
- გავახანგრძლივეთ კვოტების მოქმედების ვადები;
- კერძო სექტორში დასაქმებულთათვის გავზარდეთ დეკრეტული შვებულების თანხა, აღარ ვამბობ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის უკვე არსებულ დეკრეტულ შვებულებაზე;
- პარლამეენტში გავხსენით მარო მაყაშვილის სახელობის ოთახი და დავაფუძნეთ გენდერული ჩემპიონებისთვის სპეციალური ჯილდო.
- ჩატარებულია რამდენიმე საკვანძო თემატური მოკვლევა და მათ საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მიემართებოდა ქალების ფინანსურ რესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, პოლიტიკაში გენდერულ მეინსტრიმინგს და სხვა.
- ამის გარდა, მიმდინარე რეჟიმში რამდენიმე ცალკე ჯგუფი მუშაობს შშმ ქალებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის საკითხებზე, ალიმენტის და სხვა საკითხებზე, და მჯერა, რომ ამ თემებსაც მალე მივიყვანთ ბოლომდე.
იქამდე კი:
- 2017 წელს მოვახდინეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება. ცნობისთვის უკრაინამ მანამდე პოლიტიკური ნების არქონის გამო, მხოლოდ ომის დროს შეძლო ამავე კონვენციის რატიფიცირება.
- 2019 წელს ირაკლი კობახიძის ლიდით მივიღეთ სექსუალური შევიწროვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები და 2020 წელს, ასევე ირაკლი კობახიძის მონდომებით, გენდერული კვოტები დავნერგეთ.
ეს ყველაფერი იმის შესახებ მე და გენდერული საბჭოს წევრებმა რა გავაკეთეთ. იმ ადამიანებს კი, ზემოთ ვინც ვახსენე, ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი.
ამიტომ, ჩვენ საქმის კეთებას გავაგრძელებთ ქალების ინტერესებისა და შესაძლელობების დასაცავად.
პ.ს ამ ყველაფრისთვის მადლობა ყველა განვითარების პარტნიორს, ვინც თავდაუზოგავად გვეხმარებოდა ამ პოლიტიკური რეფორმების გატარებაში, გენდერული საბჭოს ყველა წევრს, ჩვენი საბჭოს სამდივნოს არაჩვეულებრივ თანამშრომლებს" - წერს წილოსანი.
რა ხდება:
ბოლო დღეების განმავლობაში შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. "ფორმულამ" გაავრცელა ანანია გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერიც, რომელმაც რამიშვილის წინააღმდეგ პოლიციასაც მიმართა. ამ ისტორიების გასაჯაროების შემდეგ თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძეზე.
თათია სამხარაძემ POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.
26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ "პოსტივი" იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის, აქვს ჩალურჯებები. სამხარაძე ვიდეოს სახლიდან წერს, სადაც მამამისთან ერთადაა და ამბობს, რომ არანაირი დაზიანებები მას არ აქვს.
24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში "ჟურნალისტმა" ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.
შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა.
სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, "პოსტივისთან" ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.