ოლიგარქის პოლიტიკური დაკვეთა შესრულებულია - გიორგი რურუას სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლომ გიორგი რურუას წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ სცნო და სრულად დაეთანხმა პროკურორს, რომელიც "მთავარი არხის" დამფუძნებელს იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას ედავებოდა. დაცვის მხარის ადვოკატების თქმით, მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.
სასამართლომ გიორგი რურუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლის გარდა, დამნაშავედ სცნო სასამრთლოსადმი დაუმორჩილებლობაშიც, რაც დე-ენ-ემ-ის აღების ეპიზოდს გულისხმობს, როდესაც მასთან საკანში სამართალდამცავები შევიდნენ და გიორგი რურუა საკუთარი ნებით დე-ენ -ემ-ის აღების ნებას არ აძლევდა. თუმცა დაუმორჩილებლობის მუხლი პირველმა მუხლმა შთანთქა სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის თანახმად.
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის. თუ რა მტკიცებულებებს დაეყრდნო ვალერიან ბუგიანიშვილი განაჩენის გამოტანისას, რამდენიმე დღეში გავიგებთ. თუმცა ცნობილია, რომ საქმეში ფიგურირებს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები.
სასამართლოს ეზოში შეკრებილი იყვნენ გიორგი რურუას მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც განაჩენის გამოცხადებას ხმაურით შეხვდნენ.
საქმის პროკურორებმა სასამართლოს შენობა უკანა კარიდან დატოვეს.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიგი უგულავა ამბობს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და "ქართული ოცნება" ამის გამო დიდ ფასს გადაიხდის.
ეს სასამართლო არ არის, ეს არის მონსტრების კორპორაცია, სასამართლო ივანიშვილმა საჯიჯგნად ჩაუგდო ხელში თავის ყმას, მურუსიძეს, აბსოლუტურად უსამართლო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, მერე ნუ გვიკვირს, რატომ არის ასეთი ტოტალური უნდობლობა გამოძიების მიმართ, - აცხადებს იგი.
სამოქალაქო ორგანიზაციები, გიორგი რურუას მეგობრები და მხარდამჭრები დღეს, საღქამოს 8:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.