თამარ ბაჩალიაშვილის საქმე თბილისის ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას გადაეცა. უკვე ცნობილია, რომ პროგრამისტის პირადი კომპიუტერის კლონირება დასრულდებულია და ის დალუქულია. ოჯახის ადვოკატმაც უკვე მიმართა ამერიკელ ექსპერტებს, რომლებმაც უნდა დაადგინონ, იყო თუ არ კომპიუტერი გახსნილი იმ შუალედში, ვიდრე მას ოფიციალურად გახსნიდნენ.
რამიშვილის თქმით, დალუქული კომპიუტერი აღარ გაიხსნება. ადვოკატი ამერიკელ გამომძიებლებს ელოდება.
კლონირება დასრულდა, ახლა მიმდინარეობს დეშიფრაცია. კომპიუტერი ჩემ თვალწინ დაილუქა, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მე ვაპირებ ხელმეორედ ამ კომპიუტერის გადამოწმებას, რომ ვთქვათ, 28 ივლისამდე ხომ არ მომხდარა მომხდარა მისი ჩართვა, - აცხადებს ადვოკატი.
ოჯახის განცხადებით, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში საქმის გადაცემა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.
ახლა დაველოდოთ გამოძიებას, მგონია, მარტივი იქნება მათთვის ამის გახსნა, ბევრი პროფესიონალები არიან, კარგი ხალხი მუშაობს მანდ. ველოდებით დასკვნას და მერე ვნახოთ, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი მამუკა ჭელიძე საქმის ადვოკატთან შეხვედრას გეგმავს.
კრიმპოლს საქმე მას მერე გადაეცა, რაც ბაჩალიაშვილის ოჯახმა პოლიციის მაღალჩინოსნები დაასახელა, რომლებიც მათ აშანტაჟებდნენ. ოჯახის ადვოკატის თქმით, ამის შემდეგ პოლიციელთა საქმიანობით გენერალური ინსპექცია უნდა დაინტერესდეს.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.