ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება თბილისის კრიმპოლს გადაეცა

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიება, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. ადვოკატის თქმით, ახლა მათზეა დამოკიდებული, გაეცემა თუ არა ყველა კითხვას პასუხი. ლეპტოპის გახსნასთან დაკავშირებით, როგორც მიხეილ რამიშვილი ამბობს, ჭეშმარიტებას ალტერნატიული ექსპერტიზა დაადგენს. მშობლები გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვასაც ითხოვენ. 23 წლის პროგრამისტის საქმეს ქვემო ქართლის პოლიცია იძიებდა, რომელსაც ოჯახი უნდობლობას უცხადებს.

რატომ წაშალეს თამუნას "ფეისბუქი"? მთავრობას ვთხოვ, ეს გამოიძიონ. ისე ვითხოვ, ფედერალური ბიურო ჩამოვიდეს და გამოიძიონ ეს საქმე, სათავეში ჩაუდგეს ფედერალური ბიურო, - ამბობს დაღუპულის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი