
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ უნდა შემოწმდეს კადრების ავთენტურობა, რომლებზეც ნაჩვენებია როგორი სისასტიკით კლავენ რუსი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცებს. მან გავრცელებულ ვიდეოებს "საშინელი" უწოდა.
"რა თქმა უნდა, ეს საშინელი კადრებია და ჯერ უნდა შეამოწმოთ ავთენტურობა. და შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ შევამოწმოთ ეს სიმართლეა თუ არა, მოხდა თუ არა ეს. თუ ეს მოხდა, მაშინ სად და ვის მიერ", - თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ორი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია რუსების მიერ უკრაინელი სამხედროების მკვლელობა. ერთ-ერთი ვიდეო 11 აპრილს საღამოს გავრცელდა, კადრებში ჩანს, როგორ მოკვეთა თავი რუსმა სამხედრომ უკრაინელ ჯარისკაც დანით. ვიდეო, სავარაუდოდ, გასულ ზაფხულს გადაიღეს, თუ ვიმსჯელებთ ფონზე მწვანე ფოთლებით. CNN- ის თანახმად, კიდევ ერთი ვიდეო გამოქვეყნდა პრორუსულ სოციალურ მედიის არხზე 8 აპრილს. მასში ჩანს ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის თავმოჭრილი ცხედარი, განადგურებული სამხედრო მანქანის გვერდით.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ "იპოვიან რუს არაადამიანებს", რომლებმაც აწამეს უკრაინელი ჯარისკაცები. უწყებამ სამხედრო დანაშაულის ბრალდებით, მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.