ზეწოლა, თვალთვალი და შანტაჟი - რამიშვილი და ჯიშკარიანი ომბუდსმენის მოადგილეს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

ზეწოლა, თვალთვალი და შანტაჟი გახმაურებული საქმის ადვოკატზე - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი და ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდნენ. 

მიხეილ რამიშვილისა და მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, ომბუდსმენის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს თვალთვალისა და შანტაჟის ამსახველი ყველა მტკიცებულება მიაწოდეს.

სახალხო დამცველის ოფისს მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც ჩვენთვის იყო ცნობილი. გარკვეული მტკიცებულებებიც გავაცანით. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი, თავის უფლებამოსიულების ფარგლებში და შესაძლებლობების ფარგლებში მოახდენს რეაგირებას, - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა. 

გიორგი ბურჯანაძის თქმით, აღნიშნული ფაქტით, მიწოდებული მტკიცებულებებითა და მასალით დაინტერესდებიან და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედებენ. მისივე თქმით, მზად არიან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. 

ჩვენ, ბუნებრივია ჩვენი კომპეტეციის ფარგლებში, თუკი გამოიკვეთება, რომ ჩვენ შეგვიძლია შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ, დამატებით ამ კუთხით შევისწავლით საკითხებს. აპარატი ისვე, როგორც სახალხო დამცველი, მზაობას ყოველთვის აფიქსირებს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ამ კუთხით შეხვდეს. ჩვენ ბუნებრივია ვაკირხებით ამ პროცესს, საკმაოდ საჯაროდ მიმდინარეობს. ვნახათ, როგორ განვითარდება და ამის მიხედვით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, - ამბობს გიორგი ბურჯანაძე. 

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრების შემდეგ, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხებოდა, ცენტრ "ემპათიას" თანამშრომლების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებსა და მედიაში, ორკესტრირებული შეტევა დაიწყო.

მას შემდეგ, კი რაც ექსპერტები თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ სიკვდილის საქმეშიც ჩაერთვნენ, შეტევის მსხვერპლი უკვე ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გახდა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი კი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი