ორკვირიანი ლოდინის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებაზე გადადის - 23 წლის პროგრამისტის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე კრიმინალური პოლიცია გამოკითხვების სერიას იწყებს. საქმის დამოუკიდებელ ექსპერტს, გალინა კარმუშინას რუსეთში ლიცენზირების ვადის გასაგრძელებლად იბარებენ. დოკუმენტი ცენტრ "ემპათიას" ჯანდაცვის სამინისტროდან გადმოუგზავნეს. ორგანიზაციაში ეს ფაქტი ზეწოლის კიდევ ერთ მტკიცებულებად აღიქვეს.
პარალელურად, დაკითხვების ახალი სერია ანონსდება კრიმინალურ პოლიციაში, რომელსაც საქმე ქვემო ქართლის პოლიციიდან გადაეცა. ცენტრალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოჯახთან და ადვოკატთან შესახვედრად, მზადაა. დღესვე დაილუქა თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპი, რადგან საქმეში ჩასართავად ამერიკელ ექსპერტებს ელიან.
ბაჩალიაშვილის ბიძა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისადმი უპირობო ნდობის მიზეზს ვერ ხედავს. კობა თამაზაშვილი ამბობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება გამოძიების შედეგებსა და იმ შედეგზე, რომელსაც გომელაურის უწყება დადებს. ოჯახს მთავარი კითხვების გრძელი ჩამონათვალი აქვს. ბაჩალიაშვილები სახალხო დამცველს მიმართავენ.
სახალხო დამცველის ოფისში, საქმის დამოუკიდებელი ექსპერტები და ადვოკატი ომბუდსმენის მოადგილეს შეხვდნენ. მათი თქმით, ბაჩალიაშვილის საქმისა და სხვა გახმაურებული, ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეებზე მუშაობისას, მათ მიმართ ზეწოლამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. გიორგი ბურჯანაძემ დღეს ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნასაც უპასუხა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების მხრიდან ამ დრომდე არაფერია ცნობილი. ოჯახი ამბობს, რომ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან. გარდა ამისა, საქმეში ამ დრომდე არ დევს სამძებრო სამუშაობის ამსახველი მასალა, ყველა მოწმის ჩვენება და სატელეფონო ამონაწერები.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.