მორიგი გაფრთხილება დასავლეთიდან - ზურაბიშვილს გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარია და მისი მანქანა "მთავარი არხის" კამერამ, ათონელის რეზიდენციაში გამოსვლის დროს გადაიღო. პრემიერი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დახურულ კარს მიღმა სავარაუდოდ, სწორედ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას საქმესა და საერთაშორისო პარტნიორების უმწვავესს რეაქციებს განიხილავდა.  

პრეზიდენტის მტკიცე უარის მიუხედავად, "ოცნებას" ახლა სალომე ზურაბიშვილი მაშველ რგოლად შეწყალებისთვის ისევ სჭირდება. რადგან გიორგი რურუას საპატიმრო განაჩენით, ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ პარტნიორების ხელახალი შტურმი და მწავე გზავნილები მიიღო. სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ გიორგი რურუა შეიწყალოს. 

მკაფიო იყო ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის გზავნილიც. ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა კითხვით პრეზიდენტს მიმართა - რამდენად არის მზად სალომე ზურაბიშვილი 8 მარტის შეთანხმება დაიცვას.

დიპლომატებისა და დასავლელი პოლიტიკოსების საყოველთაო უნდობლობის შემდეგ, მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ვეღარაფერი დააბრალა და იძულებული გახდა, სტრატეგიული პარტნიორებისთვის ეპასუხა. თქვეს, რომ გულდაწყვეტილები არიან, რადგან პარტნიორების განცხადებები ხელისუფლების დანაწილების
პრინციპს ეწინააღმდეგება. 

8 მარტის შეთანხმების ხელმომწერმა პარტიებმა კი რურუას განაჩენის შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელეს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ყალბი მტკიცებულებებით რურუას ციხეში დატოვება წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს. ოპოზიციამ დღეს "ოცნებას" კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პოლიტპატიმრით არჩევნების ჩატარება პროცესის ლეგიტიმაციაზე არაერთ კითხვის ნიშანს გააჩენს. 

დღის ბოლოს, გიორგი რურუას საქმეზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ გიორგი რურუას წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება, საეჭვოდ უკავშირდება რურუას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასაპარეზზე გააქტიურებას. განცხადების ხელმომწერები ამბობენ, რომ გიორგი რურუას საქმეზე გამოტანილი განაჩენის კანონიერებასა და საქმის პოლიტიკურ მოტივზე არაერთი კითხვა არსებობს. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

ამის შემდეგ, 2020 წლის 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. პოლიტპატიმრების, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა, თუმცა პირობას "ოცნება" ამ დრომდე არ ასრულებდა.  

8 მარტის შეთანხმებისა და დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმრები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი