თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას ხვდებიან

გამოქვეყნდა:

შეკითხვების ვრცელი ნუსხა და არც ერთი პასუხი - ამ დრომდე, 23 წლის პროგრამისტის ბურუსით მოსული გარდაცვალების საქმეზე ოჯახი განმარტებებს ელოდება.

ამ წუთებში, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ოჯახის ინტერესების დამცველი კრიმინალურ პოლიციაში იმყოფებიან. ეს არის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბაჩალიაშვილების მოთხოვნით საქმე ქვემო ქართლის სამმართველოდან ცენტრალურ კრიმინალურ პოლიცია პოლიციას გადაეცა. 

ბაჩალიაშვილის მშობლებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანებელთან შეხვედრამდე განცხადება მედიასთან არ გაუკეთებიათ. მათი ინტერესების დამცველმა კი ისაუბრა იმ შეკითხვებზე, რომელიც ოჯახს აქვს. შეხვედრა, თითქმის ერთი საათია მიმდინარეობს. 

შეკითხვების ნუსხა ტრადიციულია - ოჯახი ითხოვს, შსს-მ ოჯახის ადვოკატს გააცნოს, საქმის ის მასალები, რომელიც გამოძიებას ამ დროისთვის უკვე მოპოვებული აქვს. მთავარი ინტერესი არის, ძებნისას დრონის მიერ გადაღებული კადრები, რადგან ოჯახის უფლებადამცველი ამბობს, რომ ბევრ კითხვას უპასუხებს ის კადრები, რომელიც სამართალდამცავებმა თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების პირველივე დღეებში გადაიღეს. მათ აინტერესებთ, არის თუ არა ამოღებული სატელეფონო ჩანაწერები და ასევე არის თუ არა დადგენილი თამარ ბაჩალიაშვილის მარშუტი. 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი