წყარო საგამოძიებო უწყებიდანაა, არსებს იდენტიფიცირების საფრთხე, კითხვებს ვერ ვუპასუხებდი - ქაშიაშვილი

გამოქვეყნდა:

"შაბათის ფორმულას" წამყვანმა, ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტა ხნის წინ დატოვა. ის უწყებაში გამოკითხვაზე თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული. მედიასთან საუბრისას ქაშიაშვილმა აღნიშნა, რომ წყაროს გამჟღავნების საფრთხე არსებობს, ამიტომ დაკითხვის ოქმში ეს ნაწილი დააფიქსირეს.

წყარო არის სანდო, არის გადამოწმებული და არის საგამოძიებო უწყებიდან. გამოძიებას ვუთხარი, რომ ვსარგებლობდი ჩემი პროფესიული ეთიკითა და ვალდებულებით და მათ კითხვებს უბრალოდ ვერ ვუპასუხებდი, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა მაღალი საფრთხე წყაროს იდენტიფიცირებისა, - თქვა დავით ქაშიაშვილმა.

ცნობისთვის, ტელევიზიამ გუშინ, საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი