დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებისგან ახალ მტკიცებულებებს ელოდება. ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დღეს, 3 აგვისტოს გახდება ცნობილი, როდის ამოიღებენ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, რომელმაც შესაძლოა ბევრ კითხვას გასცეს პასუხი. საუბარია თეთრიწყაროს რაიონის საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ კამერებზე.
ისეთი გარემოა, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, როგორც ოჯახი ახასიათებს, მისი სამეგობრო, ის არ არის ის კატეგორია, ისეთი გარემოა ზუსტად, სადაც შესაძლოა შეხვედრა იგეგმებოდა და ვინმე უნდა ენახა. ისეთი ადგილმდებარეობაა, რომ შეიძლება მას იქ ჰქონდა დაგეგმილი ვიზიტი. არის ძალიან ბევრი ვარაუდი და ეჭვი, რომ მას ჰქონდა შეხვედრა და ამის შემდეგ მოხდა დაგეგმვა სიცოცხლის მოსპობის, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ ხშირად ხდება, როცა ჟურნალისტური გამოძიების ვერსია შემდეგ დადასტურებულა და ახლოს ყოფილა სიმართლესთან, ამიტომ ის "შაბათის ფორმულას" წმაყვანის და ჟურნალისტის, დავით ქაშიაშვილის გამოკითხვაზე მისვლას მიესალმება. მისი თქმით, დღესვე უნდა გაირკვეს თარიღი, როდის ჩატარდება ბაჩალიაშვილის მანქანის ექსპერტიზა.
ჟურნალისტმა საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ აღნიშნა, რომ წყაროს გამჟღავნების დიდი რისკი არსებობდა, რადგან ის უწყების თანამშრომელია, ამიტომ მან კითხვებს არ უპასუხა.
ცნობისთვის, მედიამ გუშინ, 2 აგვისტოს, საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.