უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინდელ მიმართვაშიც გაიმეორა, რომ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა დაბლოკოს რუსული რაკეტების კომპონენტების მიწოდება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უკრაინა პარტნიორებთან კომუნიკაციას აგრძელებს.
"დღეს რუსმა არაადამიანებმა მორიგი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ოდესაზე "კალიბრის" რაკეტებით. ამ "კალიბრის" რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს მიეწოდებოდა სხვა ქვეყნებიდან. ცხადია, ყოველი ასეთი მიწოდების გზა არის ტერორის გაძლიერების საშუალება. მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ დაბლოკოს ყველა ასეთი მარშრუტი - ყველა ქვეყნიდან, ყველა კომპანიისგან, რომლის კომპონენტებს იყენებენ რუსული რაკეტების მწარმოებლები", - ამბობს ზელენსკი.
ერთი დღით ადრე ზელენსკიმ ტრადიციული მიმართვის დროს თქვა, რომ ყველა პარტნიორს აქვს კომპანიების სია, რომლებიც რუსეთს აწვდიან კრიტიკულ კომპონენტებს და რომ უკრაინა ელოდება სწრაფ მოქმედებას რუსული სარაკეტო ტერორის შესაჩერებლად.