"მთავარ არხთან" კომუნიკაციისას უკრაინაში საქართველოს ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ კიევის დატოვების ვადა ხვალ შუადღემდე აქვს. ის უკრაინამ საქართველოში კონსულტაციების გასამართად დააბრუნა.
"თუ შეიძლება სამინისტროს მიმართეთ. გეტყვიან ყველაფერს. ხვალ შუადღემდე უნდა დავტოვო კიევი", - უთხრა ელჩმა "მთავარს".
საკითხზე განცხადება გუშინ გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თქვა, რომ კიევის ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. უწყების განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა კატეგორიულად გამორიცხა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.