გიორგი კაპანაძე უახლოეს დღეებში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალ ინფორმაციას გამოაქვეყნებს

გამოქვეყნდა:

გუშინ, 12 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის საქმეზე გამოკითხეს. მიზეზი მის მიერ გასაჯაროებული წერილი გახდა. "პრესა.ჯი"-ს რედაქტორის თქმით, მან მოიპოვა ჩანაწერი სიტყვებით "პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე". კაპანაძის გამარტებით, ფურცელი ბაჩალიაშვილის ოჯახში იპოვეს და მშობლების თანხმობით გაასაჯაროვა. ეკუთვნის თუ არა ხელწერა ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილს, ოჯახი ექსპერტიზის დანიშვნას ელოდება. გიორგი კაპანაძე უახლოეს დღეებში ასევე აპირებს ბაჩალიაშვილის საქმეზე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროებას.

ეს შინაარსი, რომელიც გამოქვეყნდა, იძლევა იმის საფუძველს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს, შესაძლოა, ვინმესი ეშინოდა, შესაძლოა, მას ჰქონდა ისეთი ინფორმაცია, რომლის გამო დღეს ის ცოცხალი აღარ არის. მე მაქვს რამდენიმე სახის ინფორმაცია, რომელსაც გამოვაქვეყნებ უახლოეს დღეებში, მას შემდეგ, რაც შევუთანხმებ კონკრეტულ დეტალებს ოჯახის წევრებს, - ამბობს გიორგი კაპანაძე.

დაღუპულის დედა ამბობს, რომ ხელნაწერი, რომლითაც "თამარ ბაჩალიაშვილი" წერია, თამარის ხელწერას ჰგავს, თუმცა ზედა წარწერის ავთენტურობაში მას ეჭვი ეპარება. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვდა, ამ მიზნით მათ 4 აგვისტოს ამერიკის საელჩოსთან აქციაც გამართეს. შსს ოჯახის მოთხოვნას დათანხმდა და ახლა ფედერალური ბიუროსთვის ექსპერტების მოწვევის დეტალების შეთანხმება იგეგმება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი