ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის გამო საელჩოებს დაცვის თხოვნით მიმართავს

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა დაღუპულის დედის, თეონა თამაზაშვილისთვის საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის მიერ დასმულ შეკითხვებზე. 

მისი თქმით, ამ პერიოდში იგი სოციალური ქსელიდან ინტენსიური ლანძღვა-გინების ადრესატი იყო, ბოლო ხანებში კი მის და მისი ოჯახის მიმართ მუქარაც წამოვიდა. "მე ამ საქმეში ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავდე ჩემი თავი პირადად", ამბობს იგი.   

რამიშვილმა თქვა, რომ ამ მოწერილებს იგი ყველაფერს გადათარგმნის და დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის და მოითხოვს მათი მისამართების დადგენას. ადვოკატი ამბობს, რომ ამ თხოვნით საგამოძიებო ორგანოებს არ მიმართავს, რადგან მათ არ ენდობა.

უკვე მოვითხოვ, რომ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ რაღაც გარკვეული უსაფრთხოების ზომები გამოინახოს სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ ამათი ნდობა ჩემი მისამართით უკვე აღარ მაინტერესებს. მაგრამ ამ საქმეს ჩემი ცხოვრების საპირწონედ მაინც მივიყვან ბოლომდე. პირადად მოვთხოვ საელჩოებს, რომ ჩემი ოჯახის წევრები დაცული იყვნენ, იმიტომ, რომ ეგეთი სიბინძურე მე არ მინახავს, რასაც ესენი აკეთებენ, - ამბობს რამიშვილი. 

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ შვილმკვდარ დედას გვერდით უდგებოდნენ, მას ოჯახის ინტერესების დამცველზე ეკითხებიან.  

მისი თქმით, პროკურატურას არანაირი უფლება არ აქვს, დაზარალებულის ოჯახს მათი ინტერესების დამცველის შესახებ მსგავსი კითხვები დაუსვას. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვდა, ამ მიზნით მათ 4 აგვისტოს ამერიკის საელჩოსთან აქციაც გამართეს. შსს ოჯახის მოთხოვნას დათანხმდა და ახლა ფედერალური ბიუროსთვის ექსპერტების მოწვევის დეტალების შეთანხმება იგეგმება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი