ბულინგი საქმის პროკურორის მხრიდან - ბაჩალიაშვილის ოჯახი ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს

გამოქვეყნდა:

შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის ბაჩანა ლობჟანიძის დაკითხვა გადაიდო, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ვოთსაფი, მესენჯერი, ფეისბუქი, ვაიბერი - თამარ ბაჩალიაშვილის ყველა საკომუნიკაციო და სოციალური ქსელიდან ინფორმაცია წაშლილია, მათ შორის მიმოწერები და ზარები. ამის შესახებ ადვოკატმა საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მიხეილ რამიშვილი და ბაჩალიაშვილის მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინაც იმყოფებოდნენ.

ადვოკატის თქმით, 23 წლის პროგრამისტის ტელეფონში ასევე არ იძებნება ლოკაციები. მის ტელეფონში დარჩენილი ფოტოები კი 18 ივნისის 22:00 საათით თარიღდება, რაც დამატებით კითხვებს აჩენს და საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

დაღუპულის დედის თეონა თამაზაშვილის თქმით, მასზე საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის მხრიდან განხორციელდა ზეწოლა გუშინ, presa.ge-ს რედაქტორის, გიორგი კაპანაძის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერის შესახებ, რომელშიც წერია "პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე. თამარ ბაჩალიაშვილი.". პროკურორი თამაზაშვილისგან ითხოვდა ეთქვა, მას ჰქონდა თუ არ ეს წერილი და მან გადასცა თუ არა ჩანაწერი კაპანაძეს.

ჩამაცივდნენ, ბულინგი მოახდინეს ჩემზე, რომ გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის წერილი და მე რომ ჩამეთვალა საჭიროდ, მე ხომ თავის დროს ვიზამდი. თვითონ მოიპოვა კაცმა, ჩათვალა საჭიროდ და გაასაჯაროვა, - ამბობს დაღუპულის დედა. 

თამაზაშვილი ამბობს, რომ პროკურორი ეჭვებს გამოთქვამდა მიხეილ რამიშვილის მიმართ და კითხვებს სვამდა, რატომ იცავს მათ ოჯახს რამიშვილი და რა ჰონორარს უხდიან მას.

რამიშვილთანაც ანალოგიურად, საიდან მოვიდა, რა ჰონორარს სთავაზობ, - თქვა თამაზაშვილმა.

დაღუპულის დედა გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს, რადგან მისი თქმით, შოთაძისადმი ნდობა, რომ საქმეს გამოიძიებენ, კიდევ დარჩენილია. სავარაუდოდ, ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს ხვალ შეხვდებიან. 

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საუბრობს, რომ ეს ნამდვილად მკვლელობაა. 

მართლა მკვლელობასთან გვაქვს ჩვენ შემხებლობა, ის არის, რომ ყველა ინფორმაცია, რითიც შეგვეძლო გაგვეგო, ვისთან ჰქონდა მას ბოლო პერიოდში კონტაქტი, როგორ მოხდა მისი სახლიდან გაყვანა, ვის შეიძლებოდა ყოფილიყო ის სუბიექტი, ეს ინფორმაცია, არც ვოთსაფში, არც მესინჯერში, არც მისი გადაადგილება, არის წაშლილი, - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი საქმე და ყველა მტკიცებულება, რაც ბაჩალიაშვილის თვითმკვლობას დაადასტურებდა, ადრევე დაიგეგმა. 

დღეს შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, ბაჩანა ლობჟანიძის დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა ლობჟანიძისვე თქმით, მას დაკითხვაზე დაბარების დრო აერია. 

პრესა.გე-ს რედაქტორი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ გუშინ მის მიერ გასაჯაროვებული ჩანაწერის საფუძველზე საქმე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება გაგრძელდეს არა თვითმკვლელობამდე მიყვანის, არამედ მკვლელობის მუხლით. 

შსს-ს კითხვაზე, თუ ვინ მიაწოდა მას გამოქვეყნებული დოკუმენტი, კაპანაძემ წყარო არ გაამჟღავნა. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვდა, ამ მიზნით მათ 4 აგვისტოს ამერიკის საელჩოსთან აქციაც გამართეს. შსს ოჯახის მოთხოვნას დათანხმდა და ახლა ფედერალური ბიუროსთვის ექსპერტების მოწვევის დეტალების შეთანხმება იგეგმება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი