გამორიცხულია, თამარს შეტყობინებები თავად წაეშალა - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გადაცემაში "დღის სტუმარი" დაღუპულის ტელეფონიდან და სოციალური ქსელებიდან წაშლილ ინფორმაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამორიცხულია, ეს ინფორმაცია თამარს თავად წაეშალა. 

ამ მტკიცების დასტურად მას წაშლილი ლოკაციების ფაქტორი მოჰყავს და ამბობს, რომ შეუძლებელია, თამარს ზუსტად სცოდნოდა, სად მიდიოდა, რადგან გზის მიმართულება იმ წერტილისკენ, სადაც დაღუპულის მანქანა იპოვნეს, საკმაოდ რთულია. 

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ თამარი ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი იყო, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, მას 24 ივნისიდან (იმ თარიღის შემდეგ, რაც მიმოწერა აღარ იძებნება) დაღუპვის დღემდე არავისთან ელაპარაკა. 

მისი ძმაც ამბობს, რომ ჰქონდა რაღაც მიწერ-მოწერა მეგობრებთან, თანამშრომლებთან, არ არის, არც ჩატში არ არის აბსოლუტურად არაფერი 24 ივნისიდან, - ამბობს რამიშვილი. 

მისი თქმით, თამარს 18 ივლისს, დილის 10:03 საათზე სელფი აქვს გადაღებული და ამ ფოტოებში თვითმკვლელის განწყობა არ ჩანს. 

6 სურათი აქვს ბავშვს გადაღებული, იცით როგორი განწყობის სურათებია, ვერავინ იტყვის, რომ.. არანაირი განწყობა არ არის აქ თვითმკვლელობის. ადამიანი საკუთარ სილამაზეს და საკუთარ თავს რომ ეპრანჭება, სხვადასხვა იერსახით გადაღებული, თავს რომ უცინის, - ამბობს ადვოკატი. 

რამიშვილი ამბობს, რომ კომპიუტერიდან შერჩევით არის მასალები წაშლილი, რასაც თუ ეს თამარმა გააკეთა, არ დაუშვებდა, ვთქვათ, თავისი მოთამაშე, ველოსიპედით მოსეირნე ბიძაშვილის ფოტოს დატოვებას. ადვოკატის თქმით, ყველაფერი ისეა გამიზნული, რომ მიმართული იყოს თვითმკვლელობისკენ. რამიშვილის აზრით, ყველაფერი არის ორგანიზებულად გაკეთებული. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვდა, ამ მიზნით მათ 4 აგვისტოს ამერიკის საელჩოსთან აქციაც გამართეს. შსს ოჯახის მოთხოვნას დათანხმდა და ახლა ფედერალური ბიუროსთვის ექსპერტების მოწვევის დეტალების შეთანხმება იგეგმება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი