კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ მიესალმება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს სურვილს, სამინისტროსთან ერთად იმსჯელოს იმ მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზზე, რომლითაც რექტორის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა.
სამინისტრო ამბობს, რომ კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა სამინისტროში დანიშნულია ხვალ, 29 სექტემბერს, 16 საათზე. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ასევე მოწვეული იქნებიან ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელები და სხვა წარმომადგენლები.
"როგორც გუშინდელ საჯარო განცხადებაში ითქვა, სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რათა კონსერვატორიამ უმოკლეს ვადაში შეძლოს რექტორის არჩევნების ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით. [...]
სამინისტროში შეხვედრას გაუძღვება მინისტრის მოადგილე და სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, ბატონი იოსებ ბაღათურია, რომელიც სხვებთან ერთად კურირებს სამართლებრივ საკითხებს და სამინისტროს წარმოადგენს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შეხვედრას ასევე დაესწრება სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ბატონი გუგა მირიანაშვილი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარე საარჩევნო პროცედურა შეწყდა, რაც ნიშნავს, რომ რექტორის არჩევნები ცოტა ხნით გადაიდო. მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა გრძელდება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა", - წერია განცხადებაში.
26 სექტემბერს ცნონილი გახდა, რომ მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. სამინისტრო აღნიშნულს მიესალმა და თქვა, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.
მანამდე, 20 სექტემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს წულუკიანმა თქვა, რომ კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი და რომ ხელმძღვანელობა "ვერ ასრულებს ფუნქციას" . მინისტრის მეორე დღესვე უპასუხაკონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ და დაწერა, რომ ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით საუბრობს.
27 სექტემბერს კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 7 წევრიდან 6-მა გაავრცელა განცხადება. მათ მოთხოვეს გაუქმდეს კულტურის სამინისტროს ის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა რექტორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსი.