"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს თუ რატომ დააყენა პარტიამ ისნის მაჟორიტარულ ოლქში ხატია დეკანოიძე მაჟორიტარობის კანდიდატად.
სალომე სამადაშვილის თქმით, ენმ-ს მხრიდან კანდიდატის წარდგენის მთავარი მიზეზი ის არის, რომ საერთო კანდიდატის, გიორგი ვაშაძის ირგვლივ პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და მან გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვა.
"ნაციონალური მოძრაობა" იმთავითვე მხარს უჭერდა ფართო ოპოზიციური ერთიანობის შექმნას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი ერთიან კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში და დღესაც მხარს ვუჭერთ ბატონ ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და სხვებს. მიგვაჩნია, რომ ბატონი ვაშაძის გარშემო ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ მისი შანსებიც შეცვალა, რომ დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი აღნიშნულ ოლქში. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ მაჟორიტარულ ოლქში დავამარცხოთ ივანიშვილის კანდიდატები, ამ ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ისანში წარვადგინოთ ენმ-ს კანდიდატი. ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი მსჯელობის შემდეგ მივიღეთ. სხვადასხვა კანდიდატებზეც ვიმსჯელეთ და საბოლოოდ ჩამოვყალიბთით, რომ ქალბატონი ხატია დეკანოიძე არის ის, ვინც დაამარცხებს ივანიშვილის კანდიდატს, - თქვა სალომე სამადაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ენმ-ს ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური ერთობის დარღვევას, სამადაშვილი პასუხობს, რომ ოპოზიციურ ერთობაში ბზარი გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ გააჩინა.
არ ვფიქრობ, რომ ეს ამ შეთანხმების დარღვევას ნიშნავს, იმიტომ, რომ როდესაც ბატონი ვაშაძის კანდიდატზე შევთანხმდით, ის წარმოადგენდა პოლიტიკურ გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" და ამ გაერთიანების სახელით დასახელდა ამ მაჟორიტარულ ოლქში. ამის შემდეგ ბატონმა ვაშაძემ გადაწყვიტა რომ, პირველ რიგში მისი პოლიტიკური პარტნიორი, თაკო ჩარკვიანი, დაეყენებინა მაჟორიტარ კანდიდატად საბურთალოს ოლქში და გარდა ამისა, დატოვა პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშია". ამიტომ, ჩვენთვის სამწუხაროდ ბატონმა ვაშაძემ თავად გადაწყვიტა ბზარი გაეჩინა ოპოზიციურ ერთიანობაში, რომლის შენარჩუნების სურვილიც ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი იყო.. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება ერთადერთი ინტერესიდან გამომდინარე მივიღეთ. ამ არჩევნებზე უნდა დავასრულოთ ქვეყანაში ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმი. ეს იქნება რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ჩვენ მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი მაჟორიტარული ოლქი, - ამბობს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის რაიონში საკუთარი კანდიდატი წარადგინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ ოლქში გამარჯვებისთვის ხატია დეკანოიძე იბრძოლებს.
მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ისანში საკუთარი კანდიდატის წარდგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათი თქმით, გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს "ძალა ერთობაშია" და ახალი პოლიტიკური ბლოკი, "სტრატეგია აღმაშენებელი" დააფუძნა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლასაც გეგმავს.
მანამდე კი ჯერ კიდევ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ვაშაძე ოპოზიციური შეთანხმების დარღვევაში 20 აგვისტოს დაადანაშაულა.
მაშინ პარტიაში ამბობდნენ, რომ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანის დასახელება, "ლეიბორისტული პარტიის" ფორმატში შეთანხმებული არ ყოფილა.
თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ კი შეთანხმების დარღვევაში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა. 20 აგვისტოს მან თქვა, რომ თუ ენმ ისნის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატს დააყენებდა, ეს მათი მხრიდან შეთანხმების დარღვევა იქნებოდა. ვაშაძემ თქვა ისიც, რომ ისანში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატსაც დაამარცხებდა.
გარდა ზემოთხსენებული კანდიდატებისა, ისნის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კენჭს იყრიან: