თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის აქციას გენერალურ პროკურატურასთან მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდა. სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, ის ბაჩალიაშვილების ოჯახს სოლიდარობას უცხადებს და საქმეში მთავრობის ბრალეულობას ხედავს.
მე უკვე 3 წელია, ქუჩაში ვარ. ვხედავ, ყველა აქციაზე აქვს დანაშაული ჩადენილი დღევანდელ სისტემას, სახელმწიფოს, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს. სიმართლე გითხრათ, დღეს რომ რამე შემეძლოს, პროკურატურასთან და სასამართლოსთან კი არ გავმართავდი აქციას, გავმართავდი ივანიშვილთან. დღეს ამ ქვეყანაში სასამართლო და პროკურატურა არაფერს არ წყვეტს, - განმარტავს მაჩალიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკვე თითქმის სამი წელია, მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარი შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცავის მიერ ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა. ამ ოპერაციას წინ უძღოდა ამავე წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაცია, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს. სპეცოპერაციას მოჰყვა მსხვერპლიც - გარდაიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.