პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ბაჩალიაშვილის საქმის მასალები ომბუდსმენს გააცნოს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალები ომბუდსმენს გააცნოს.

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ  და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს  საშუალება მიეცემათ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს,
- წერია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებზე წვდომა არ აქვს. ომბუდსმენი უახლოეს დღეებში დაღუპულის ოჯახთან შეხვედრას გეგმავს.

ცნობისთვის, გუშინ, 30 აგვისტოს ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს. აქციაზე ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ მისი შვილი სავარაუდოდ  გარკვეულ ტრანზაქციებში, ყარაბაღში იარაღის შესატანად გამოიყენეს , რის შემდეგაც ის მოიშორეს. თეონა თამაზაშვილის თქმით თამარის სიკვდილი სწორედ უშიშროების სამსახურთან და იმ ქართველ მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული, რომლებიც იარაღის საერთაშორისო ვაჭრობით ხეირობდნენ.  

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი