
"პატრიოტთა ალიანსის" მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ხატს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესია უკან აბრუნებს - ხატი პარტიას, ხვალ, 5 სექტემბერს, დაუბრუნდება. ინფორმაციას გალის რაიონში ქართული ენის აკრძალვის ინიციატორი ნაირა ამალია ავრცელებს.
მანამდე კი, 27 აგვისტოს, ხატის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დეფაქტო აფხაზეთის მართლმადიდებელი ე.წ ეკლესიამ გაავრცელა.
აფხაზეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ მიიღო ქართველი დეპუტატების მიერ ჩამოტანილი ხატი, რომელიც საჩუქრად ილორის ტაძარს გადაეცა და ხატს უკან აბრუნებს. ხატი ისე შეწირეს, რომ ეკლესიის შესაბამისი იერარქიის წარმომადგენლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მსგავსი ქმედებები მიუღებელია, სანამ საქართველოს ეკლესია არ ცნობს აფხაზეთის სახელმწიფოსა და მისი მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები 18 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთიდან დაბრუნდნენ. ირმა ინაშვილისა და თარხან მოურავის ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა. "პატრიოტები" ოკუპირებულ აფხაზეთში გასაიდუმლოებული ვიზიტით იმყოფებოდნენ. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან გამოსვლის დროს ისინი საქართველოს მოქალაქეებმა დააფიქსირეს.
მოგვიანებით, მათი ვიზიტი აფხაზეთში მოქმედი ვეტერანების ორგანიზაციამ „არუაა“ დაადასტურა. დღეს კი "პატრიოტთა ალიანსი" უკვე ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადება.
პარტიის წინააღმდეგ არსებობს არაერთი ბრალდება, რომ პარტია ოკუპანტი ქვეყნიდან ფინანსდება და ქვეყანაში მათი ინტერესების გამტარებელია. მაგალითად ცენტრ „დოსიეს“ გამოძიება, რითიც იკვეთება, რომ პატრიოტები 8 მილიონ დოლარზე მეტით წინასაარჩევნოდ კრემლიდან ფინანსდებიან.
29 აგვისტოს კი "პატრიოტთა ალიანსმა" ბათუმში გამოაქვეყნა ბანერი, სადაც პარტიამ აჭარა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად წითლად გააფერადა. მოგვიანებით, ის "ლელოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ჩამოხია. პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი პარტიის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ.