ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ პარტიებთან კოალიციის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
ვაშაძის თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს ერთპარტიული მმართველობა, კოალიციური მთავრობა კი ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.
კოალიცია იმიტომ არის კოალიცია, რომ იმ პარტიამ, რომელიც აუცილებლად გავა პირველ ადგილზე და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ, სხვა პარტიებთან ითანამშრომლოს. უმძიმესი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც სახელმწიფო აღმოჩნდება 2021 წელს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ჩვენ გვყავდეს ერთპარტიული მთავრობა. ამიტომ, კოალიცია აუცილებელია. ვითანამშრომლებთ ყველა ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიასთან, - ამბობს ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ დღეს დაასახელა.
ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, სააკაშვილი საღამოს თავად ისაუბრებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.
სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც.
მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.
ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს:
მიმდინარე საქმეები:
სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.