
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი მხარდამჭერებთან ერთად დღეს ხატის წამოსაღებად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.
ილორის წმინდა გიორგის ტაძრისთვის შეწირული ხატი აფხაზურმა მხარემ ინაშვილს უკან დაუბრუნა.
ენგურის ხიდზე მისულმა ინაშვილმა დღეს არაფერი თქვა მის გასაიდუმლოებულ ვიზიტზე და როგორ გადაკვეთა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი. მედიის, განსაკუთრებით კი "მთავარი არხის" კითხვებმა კი ინაშვილი გააღიზიანა.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები 18 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთიდან დაბრუნდნენ. ირმა ინაშვილისა და თარხან მოურავის ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა.
"პატრიოტები" ოკუპირებულ აფხაზეთში გასაიდუმლოებული ვიზიტით იმყოფებოდნენ. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან გამოსვლის დროს ისინი საქართველოს მოქალაქეებმა დააფიქსირეს.
მოგვიანებით, მათი ვიზიტი აფხაზეთში მოქმედი ვეტერანების ორგანიზაციამ „არუაა“ დაადასტურა. დღეს კი "პატრიოტთა ალიანსი" უკვე ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადება.
პარტიის წინააღმდეგ არსებობს არაერთი ბრალდება, რომ პარტია ოკუპანტი ქვეყნიდან ფინანსდება და ქვეყანაში მათი ინტერესების გამტარებელია. მაგალითად ცენტრ „დოსიეს“ გამოძიება, რითიც იკვეთება, რომ პატრიოტები 8 მილიონ დოლარზე მეტით წინასაარჩევნოდ კრემლიდან ფინანსდებიან.
29 აგვისტოს კი "პატრიოტთა ალიანსმა" ბათუმში გამოაქვეყნა ბანერი, სადაც პარტიამ აჭარა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად წითლად გააფერადა.
პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი პარტიის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ.