"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ საარჩევნო სიის ოცეულს მმართველი გუნდის წევრები მსგვასი მესიჯბოქსით ეხმაურებიან. ამბობენ, რომ გუნდი ახალი სახეებით და გამოცდილი, წარმატებული ადამიანებით დააკომპლექტეს და "თავი ძალიან საინტერესო გამოცდილებას მოუყარეს".
პარლამენტის ამჟამინდელი და "ოცნების" მიერ კანდიდატად დასახელებული პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, "კვლევებით დასტურდება, რომ "ქართულ ოცნებას" ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება აქვს და ეს მთავრობის დასაკომპლექტებლად საკმარისია".
ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ქვეყნისთვის.. ეს ოცეული გამოხატავს იმ ხედვას, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს ქვეყნის მომავალთან. მზად ვართ, მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა. ამ რეიტინგს კიდევ გავზრდით, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ჩვენ შევძლებთ ჩვენი გეგმების განხორციელებას, - ამბობს თალაკვაძე.
პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძეც ამბობს, რომ სიის წევრები პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმის კრიტერიუმით შეირჩნენ. ამ კონტექსტში ის, სიაში ორი სპორტსმენის, ვიქტორ სანიკიძისა და დავით კაჭარავას ჩასმასაც ეხმაურება: "ორივე მათგანს სწორედ ეს გამოარჩევს, რომ იყვნენ საქმისა და ქვეყნის ერთგული, რომ იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის". კობახიძისვე თქმით, იმ საქმეს, რომელსაც მორაგბე და კალათბურთელი სპორტსმენების რანგში აკეთებდნენ, ახლა პარლამენტიდან გააგრძელებენ.
ირაკლი კობახიძე, რომელმაც მმართველი პარტიის ოცეულში საკუთარი თავი, სიის მესამე ნომრად, თავადვე წარადგინა, "ქართული ოცნების" გამარჯვებას აანონსებს. ამბობს, რომ კოალიციის შექმნა პარტიას არცერთ შემთხვევაში არ დასჭირდება და ამის გარანტი, სწორედ, დღეს წარდგენილი გუნდია, "ახალი სახეებით და წარმატებული ადამიანით შემდგარი".
მათ საარჩევნო პროგრამას კი, ირაკლი კობახიძე სხვა პარტიებისას ადარებს - ამბობს, რომ მათგან განსხვავებით, მათი წინასაარჩევნო გეგმები "ერთდროულად იქნება რეალისტურიც და ამბიციურიც, სხვა საარჩევნო პროგრამებისგან განსხვავებით, რომლებიც ტყუილებითაა სავსე".
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ოცნების" სიაში მე-5 ნომრად დასახელებული მამუკა მდინარაძეც ახალი სიის უმთავრეს მიღწევად დასახელებული პირების განვლილ ცხოვრებას ასახელებს.
"ამ პარტიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის წინაშე", - ამბობს მდინარაძე და აღნიშნავს, რომ კარგი პარლამენტარები სპორტსმენებიც შეიძლება იყვნენ. "სამშობლო უყვართ იმიტომ რომ წარმატებული კარიერა ჰქონდათ, ისინი სამაგალითოები არიან, მისაბაძები არიან".
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი, რომელიც პარტიის სიის ოცეულში ვერ მოხვდა, ამბობს, რომ სიაში ახალი სახეები მართლაც საოცნებო გუნდის გარანტია: "Dream Team, შეიძლება ითქვას".
"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი სრული 20-ეული კი ასეთია:
"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.