რა სამართლებრივი გზები არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრი გახდეს

გამოქვეყნდა:

რა სამართლებრივი გზები არსებობს იმისათვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები და ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერმინისტრი გახდეს? - ოპოზიციის გეგმები პირდაპირ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ თუკი ოპოზიციას ექნება 
უმრავლესობა, მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობა სრულიად რეალური გახდება.

მათივე თქმით, დღეისათვის, სააკაშვილის წინაშე ორი სამართლებრივი ბარიერია: მოქალაქეობის არქონა და სისხლისსამართლებრივი დევნა და მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები.

თუკი ოპოზიცია მოახერხებს, რომ მოაგროვოს უმრავლესობა იმისათვის, რომ გაატაროს საკანონმდებლო ცვლილებები, ამ შემთხვევაში სამი ნორმატიული აქტის მიღება იქნება საჭირო, რომ შეიცვალის კანონი მოქალაქეობის შესახებ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს იოლად დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა და ასევე, პოლიტიკური დევნის შესახებ შესაბამისი კანონმდებლობის მიღება, რომელიც მას გაუადვილებს, რომ ის ბრალი მოეხსნას, რომელიც მას ამ ეტაპზე წაყენებული აქვს, - ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს

მანამდე კი, 27 აგვისტოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა. სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს
უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც. 

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს: 

  • სანდრო გირგვლიანის საქმეზე - თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
  • ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე - ექვსწლიანი პატიმრობა.

მიმდინარე საქმეები: 

  • 7 ნოემბრის საქმე;
  • ე.წ პიჯაკების საქმე.

სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი