ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ორბანის მოსკოვში ვიზიტია დაგმობილი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს, 17 ივლისს გამართულ პლენარულ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც ასევე დაგმობილია უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის არაკოორდინირებული საგარეო პოლიტიკური ქმედებები. ამის შესახებ "Европейская правда" იტყობინება.

რეზოლუცია, რომელსაც 679 ევროპარლამენტარიდან მხარი 495-მა დაუჭირა, ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე იგი გმობს უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის ბოლო ვიზიტს რუსეთში.

"ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ვიზიტის დროს ის არ წარმოადგენდა ევროკავშირს და მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და საერთო საგარეო პოლიტიკის უხეში დარღვევაა", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტის უმრავლესობამ დაგმო უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოში მისი თავმჯდომარეობის ბოროტად გამოყენება და მოუწოდა მას მოხსნას ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინის დაფინანსებაზე ბლოკი.

რეზოლუცია შეიცავს მოწოდებებს უკრაინისადმი სამხედრო, ფინანსური და სხვა სახის დახმარების გაგრძელების, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერასა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ. ამასთან რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ "ოჰმატდეტის" საავადმყოფოს დაბომბვას და რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებს ევროკავშირის წინააღმდეგ.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს:

"განაგრძოს და გააფართოოს სანქციების პოლიტიკა რუსეთისა და ბელრუსის წინააღმდეგ, ამავე დროს გააკონტროლოს, განიხილოს და გაზარდოს მისი ეფექტურობა და გავლენა“.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია იყო ევროპარლამენტის მიერ ივნისის არჩევნების შემდეგ მიღებული პირველი დოკუმენტი.  დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის დაგმობის შესახებ ევროჯგუფის "პატრიოტები ევროპისთვის" ადრე წამოყენებული წინადადება უარყოფილი იქნა.

ვიქტორ ორბანის არაკოორდინირებული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯებთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოსახატავად ევროკომისიამ ადრე გადაწყვიტა უნგრეთის პრეზიდენტობის პერიოდში შეამციროს წარმომადგენლობის დონე ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეხვედრებზე, მსგავსი ნაბიჯი რამდენიმე წევრმა ქვეყანამ გადადგა. ევროკომისიის განმარტებით, იურიდიულად მათ არ შეუძლიათ უნგრეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ჩამორთმევა, მაგრამ შეუძლიათ ბოიკოტი გაუწიონ მას.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი