"სტრატეგია აღმაშენებლის" პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის თქმით, მისი ერთადერთი ამბიცია ქვეყანაში სიღარიბის დამარცხებაა და ამისათვის აღმშენებლობის სტრატეგიაც შექმნა. როგორც ვაშაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" თქვა, ივანიშვილის დამარცხებისთვის აუცილებელია საზოგადოებამ წინასწარ იცოდეს, ვინ იღებს პასუხისმგებლობას კონკრეტულ საკითხებზე და მისი გუნდი ამ მიმართულებით სხვა ადამიანებსაც დაასახელებს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, "ივანიშვილს მარტო ხომ ვერ დაამარცხებთ, ხომ საჭიროა ერთიანობა.. თქვენმა გადაწყვეტილებამ ხომ დისონანსი შეიტანა ოპოზიციაში", ვაშაძე პასუხობს, რომ "მე არ ვიცი სად შეიტანა დისონანსი, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა". დარღვეულმა შეთანხმებებემა გამოიწვია ყველაზე დიდი დარტყმა ოპოზიციურ ერთობაზე, მაგრამ არაუშავს, გადავიტანთ ამასაც".
გიორგი ვაშაძის თქმითვე, ვინ გახდება საქართველოს პრემიერმინისტრი, ამას "გადაწყვეტს ხალხი, რომელიც ახლა გვიყურებს".
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს "ძალა ერთობაშია" და ახალი პოლიტიკური ბლოკი, "სტრატეგია აღმაშენებელი" დააფუძნა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლასაც გეგმავს.
მანამდე კი ჯერ კიდევ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ვაშაძე ოპოზიციური შეთანხმების დარღვევაში 20 აგვისტოს დაადანაშაულა. მაშინ პარტიაში ამბობდნენ, რომ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანის დასახელება, "ლეიბორისტული პარტიის" ფორმატში შეთანხმებული არ ყოფილა.
7 სექტემბერს კი გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრემიერმინისტრობის კანდიდატად, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.