
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საქართველო სომხეთში ჰუმანიტარული დახმარებას გატარებას ხელს უშლის, საქართველოში სომხეთის საელჩო უარყოფს.
ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთის რესპუბლიკაში საწვავის იმპორტს და უარს ამბობს სომხეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღების პრობლემა არ არსებობს. საქართველოში სომხეთის საელჩო ინარჩუნებს პერმანენტულ ურთიერთობას, საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან. მოგიწოდებთ, არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია, რადგან ეს პირდაპირ ეხება სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებს, - წერია განცხადებაში.
ამასთან, საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ტრანზიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს.
ცნობისთვის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტან გომელაურის განცხადებით, საქართველოს გავლით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, სატრანზიტო გადაზიდვები შეუფერხებლად მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე.
შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება, მთიან ყარაბაღში, 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა და ამ დრომდე გრძელდება. დაბომბილია რეგიონის დასახლებული პუნქტები და მხარეთა სტრატეგიული ობიექტები, მათ შორისაა განჯა, სტეფანაკერტი და მინგეჩაურის წყალსაცავი.
სამხედრო დაპირისპირებაში აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას თურქეთი უცხადებს. სომხეთში კი ფიქრობენ, რომ თურქეთის გააქტიურების შემთხვევაში, დაპირისპირებაში რუსეთიც ჩაერთვება.