მეცნიერებათა დოქტორი, თამარ მესხი მამა კირიონს ირაკლი ღარიბაშვილის ჯოკერს უწოდებს. თამარ მესხმა დღეს "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
"თუ რიტორიკა არ შეცვალა ამით დაზარალდება მთლიანად საქართველოს ეკლესია, აღარ ენდობა ხალხი საქართველოს ეკლესიას - საზღვრის საკითხი არ გადაწყდება ასე მარტივად და ვერცერთი ხელისუფლება ვერ აიღებს მაგაზე პასუხისმგებლობას და საქართველოს ეკლესიამ არ უნდა აუბას მხარი რომელიმე პარტიას, რომ ის გამოიყენოს ბრმა იარაღად.
მე გეტყვით, ჯოკერი მამა კირიონი აღმოჩნდა ღარიაბშვილის ხელში, გაათამაშა და მამა კირიონმა გაუკეთა საქართველოს ძალიან ცუდი საქმე იმიტომ, რომ მოსახლეობა ნელ-ნელა დაკარგავს უკვე ეკლესიისადმი პატივისცემას. იმიტომ, რომ ამუშავდა 37 წელი და ვინ აამუშავა 37 წელი? - საქართველოს ეკლესიამ? - ამაზე მეტი რა უნდა დააბრალო საქართველოს ეკლესიას, ამაზე საშინელება რა შეიძლება საქართველოს ეკლესიას გაუკეთო", - თქვა თამარ მესხმა
მესხი ასევე ამბობს, რომ საქართველოს ეკლესიამ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მხარი არ უნდა დაუჭიროს.
"ჯოკერი" კარტოგრაფების საქმეში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთერთ ინტერვიუში ამ საქმეზე საუბრისას, მამა კირიონმა თქვა - "არავინ ჯოკერს თავში არ ხმარობს, ბოლოში ვინახავთ და ბოლოში გვჭირდება ჯოკერი". ამავე ინტერვიუში,სასულიერო პირმა პოლიტიკურ კონტექსტზეც ისაუბრა. აქვე შეგახსენებთ, რომ ზოგადად ინფორმაცია მამა კირიონის ჩვენების შესახებ, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.
ცნობისთივს, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სინოდის წევრებმა განცხადებები 14 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლობის საზეიმო წირვის შემდეგ გააკეთეს. განცხადებები არაერთგვაროვანი იყო. მღვდელმთავრების ნაწილი თვლის, რომ საქმეს არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ნაწილი კომენტარისგან თავს იკავებს, ნაწილი კი დაკავებულებს მხარდაჭერას უცხადებს და მათ უდანაშაულობაზე საუბრობს.
მეუფე მელქისედეკმა დაკავებულ მეცნიერებს დღეს ბოდიშიც მოუხადა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. ადვოკატების თქმით, საქმე აბსურდულია.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.