
აზერბაიჯანმა დღეს მთიან ყარაბაღში ხოჯავანდის და ფუზულის რაიონის სოფლები და ქალაქი ჯებრაილი დაიკავა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი Twitter-ზე ავრცელებს:
აზერბაიჯანის არმიამ ხოჯავანდის და ფუზულის რაიონის სოფლები გაათავისუფლა: გარადაღლი, ხათუნბულაგი, გარაკოლუ, ბულუტანი, მალიკჯანლი, კამართუკი, თაკა და თაღასერი. გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი არის აზერბაიჯანი! - წერს ილჰამ ალიევი.
Twitter-ზე სიახლის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქი ჯებრაილის გათავისუფლების ამსახველი კადრებიც გაავრცელა.
სომხეთის პრემიერმინისტრის სპიკერი, შუშან სტეპანიანი კი, აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში საავადმყოფოს დაბომბვაში ადანაშაულებს:
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღში ერთ-ერთი საავადმყოფო დაბომბეს, სადაც ადამიანები ამ დრომდე მკურნალობდნენ. ეს ჰუმანიტარული ზავის უხეში დარღვევაა, - წერს შუშან სტეპანიანი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები.
10 ოქტომბერს მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება.
13 ოქტომბერს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც, ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებს დაუყონებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.